English / ქართული / русский /
ნაირა ვირსალაძემავლინა ყიფიანი
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ინდიკატორი

ანოტაცია. საგადასახდელო ბალანსი ქვეყნის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის  ანალიზის, შესწავლის და  პროგნოზირების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი და   მნიშვნელოვანი ინდიკატორია როგორც საგარეო ეკონომიკური, ისე  ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისათვის.საქართველოს ეკონომიკის  წინაშე არსებული  გამოწვევების სათანადო პასუხები, ეკონომიკური ზრდისა და  განვითარების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების როგორც აღრიცხვის და რეგისტრაციის, ისე ინფორმაციის დამუშავების  პროცესი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და პასუხობდეს არსებული პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებს

საკვანძო სიტყვები: საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები, საგადამხდელო ბალანსი, მიმდინარე ანგარიში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 

* * *

გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები   მოიცავს მრავალფეროვანი და მასშტაბური ოპერაციების  საკმაოდ დიდ ინფორმაციას, რაც  ართულებს სტატისტიკის ამოცანას - სწორად განსაზღვროს  მათი  ასახვა რეალურ  ანგარიშებში,  რათა მიღწეულ იქნას მაკროეკონომიკური სტატისტიკის ერთიანობა და შესადარისობა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე.  აღნიშნული  ურთიერთობების დეტალურ შესწავლას   ემსახურება  ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ,,საგარეო სექტორის ანგარიშები“ და საგარეო სექტორის სტატისტიკა საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო ინვესტიციური  მდგომარეობის,  საერთაშორისო რეზერვებისა და საგარეო ვალის  სტატისტიკის სახით.

საგადასახდელო ბალანსი ქვეყნის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის  ანალიზის, შესწავლის და  პროგნოზირების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია.  ის ასევე  არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი  ანალიტიკოსებისა და  პოლიტიკოსების ხელში, რათა სწორად განსაზღვრონ ქვეყნის, არა მარტო საგარეო ეკონომიკური, არამედ მთლიანი ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები.

თანამედროვე ინტერპრეტაციით  ,,საგადასახდელო ბალანსი არის სტატისტიკურ მაჩვენებელთა სისტემა, რომელშიც აისახება ყველა ოპერაცია მოცემული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკებს შორის დროის გარკვეულ პერიოდში (თვე, კვარტალი, წელი) [ასლამაზიშვილი, ა),2020,116].  ის არის ,,დანარჩენ სამყაროსთან’’ განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციების კრებსითი ბალანსი, რომელიც გამოიყენება  შიგა ეკონომიკური პროცესების მართვისა  და  საერთაშორისო დონეზე ქვეყნების შედარებითი დახასიათებისათვის. მსოფლიო გამოცდილება მოწმობს, რომ  ქვეყნებს შორის მრავალმხრივი  სასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობები და მსოფლიო მეურნეობაში ჩართულობის  მაღალი ხარისხი ძლიერი, სტაბილური ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბების წინაპირობაა.

ქვეყნის საერთაშორისო დონეზე აღიარებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში ინტეგრაციის მიზნით,  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,  ჩვენი ქვეყანა აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში.  ამის პარალელურად   საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა  დაიწყო საგარეო სექტორის სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, რომლის საფუძველზეც 1995 წელს (1994 წლის მონაცემებზე დაყრდნობით) შემუშავდა პირველი საგადასახდელო ბალანსი.  თავდაპირველად საგადამხდელო ბალანსის წარმოება დაევალა სტატისტიკის დეპარტამენტს, ხოლო 2007 წლიდან დღემდე მის შედგენაზე პასუხისმგებლობა მთლიანად   ეროვნულ ბანკს დაეკისრა [საქართველოს ეროვნული ბანკი]. საგადასახდელო ბალანსის დანიშნულებაა ეროვნული ეკონომიკის რეზიდენტების მიერ არარეზიდენტებთან განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციების რაოდენობრივი ასახვა, რომლის შედეგად დგინდება გარკვეული საგარეო  ეკონომიკური წონასწრობა მოცემულ ქვეყანასა და დანარჩენ სამყაროს შორის. თეორიულად  ადვილი წარმოსადგენია, რომ ქვეყანას ჰქონდეს  იდეალურად გაწონასწორებული საგადასახდელო ბალანსი, მაგრამ  რეალურ სინამდვილეში ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფონზე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. დღეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ოპერაციები იმდენად  მრავალგვარი, ინტენსიური და გლობალურია, რომ  მსოფლიოს  არც ერთ ქვეყანას არ აქვს იდეალურად გაწონასწორებული ბალანსი. გამომდინარე აქედან, ქვეყნები ისწრაფვიან არა წონასწორობისაკენ, არამედ უპირატესობის მოპოვებისაკენ ამ სფეროში. შესაბამისად, არიან ქვეყნები დადებითი საგადასახდელო ბალანსით და არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ვერ აღწევენ და უარყოფითი ბალანსი აქვთ [ასლამაზიშვილი ნ., მაკროეკონომიკური სტატისტიკა, 2021, გვ. 160].  საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მონაცემების მიხედვით 2019 წელს  192 ქვეყნის მიერ გამოქვეყნებული საგადასახდელო ბალანსის მიხედვით   135 ქვეყანის (ანუ 70%-ზე  მეტის)  ბალანსი  უარყოფითი იყო და   მთლიანი დეფიციტი ჯამურად   1,1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, აქედან    ათ უმსხვილეს  ქვეყნაზე მოდიოდა 844.6 მლრდ აშშ დოლარის დეფიციტი, რომლის 75,1% (ანუ  634,3 მლრდ აშშ  დოლარი) აშშ-სა და  გაერთიანებული სამეფოს დეფიციტს შეადგენდა. 

 ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოს საგადასახდელო ბალანსი მეტ-ნაკლებად  ყოველთვის დეფიციტური იყო, მაგრამ ქვეყანაში   პანდემიით გამოწვეულმა  კრიზისმა არა მარტო გაზარდა მისი უარყოფითი სალდო, არამედ მისი სტუქტურული  მაჩვენებლებიც გააუარესა. მიმდინარე ანგარიშის (რომელიც   საქონლის, მომსახურების, პირველადი შემოსავლებისა და მეორადი შემოსავლების  საკრედიტო და სადებეტო ჩანაწერებს შორის სხვაობას ასახავს) დეფიციტმა 2020 წლის ბოლოს - 1.965 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წლის  ანალოგიურ  მაჩვენებელს  2-ჯერ გადააჭარბა. შედეგად  გაიზარდა რეზიდენტების უცხოური ვალდებულებები და ქვეყნის წმინდა საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობა გაუარესდა. საგადასახდელო ბალანსის  დეფიციტმა, როგორც  მნიშვნელოვანმა განზოგადებულმა ინდიკატორმა, მშპ-ის 12.3% შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს  2,4-ჯერ აღემატება. 

2019-2020 წელში საგადასახდელო ბალანსზე ყველაზე დიდი დარტყმა და მისი სტრუქტურის გაუარესება ტურიზმის შემოსავლების  2, 7 მლრდ აშშ დოლარით   კლებამ განაპირობა.  2019 წელთან შედარებით  იმპორტის მოცულობა 13, 7%-ით, ხოლო ექსპორტი-12,1%-ით შემცირდა;  იმპორტის მოცულობის შემცირების  შედეგად  საქონლით ვაჭრობის  უარყოფითი სალდო - 3 736.44 მლნ. აშშ დოლარიდან - 3139.26 მლნ აშშ. დოლარამდე  ანუ 12%-ით შემცირდა. შემომავალი ნაკადების მოცულობა ნაწილობრივ  იმპორტის შემცირებამ დააბალანსა, მან  გავლენა მოახდინა მიმდინარე ანგარიშის  სალდოზე და სადასახდელო ბალანსის  დეფიციტი შეამცირა. 

ცხრილი 1.

საქართველოს საგადასახდელო ბალანსის სტრუქტურული კომპონენტების

დინამიკა 2017-2020 წწ.(მლნ. აშშ დოლარი) 

 

2017

2018

2019

2020

მიმდინარე ანგარიში

- 1 305.99

- 1 191.69

- 960.45

-1 965. 01

საქონელი და მომსახურება

მ. შ საქონელის ექსპორტი

საქონლის იმპორტი

-1 784.88

3569.92

7379.12

-1 871.98

4406.50

8522.28

-1 560.59

4944.27

8680.71

-3 009 . 35

4349.50

7488.76

პირველადი შემოსავლების 

-794.19

-683.49

-774.84

-764.0

მეორადი შემოსავლები

1 273.0

1 363.78

360.21

1 808.96

მიმდინარე ანგარიში/მშპ (%)

-8.0

-6.8

-5.1

12.3

 წყარო: შედგენილია ავტორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით.

გლობალური ეკონომიკის პირობებში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების  შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საანალიზო ინდიკატორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. საქართველოს ეკონომიკის  წინაშე არსებული  გამოწვევების  ერთ-ერთ პრიორიტეტად იკვეთება  ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა. მის რაოდენობასა და ხარისხზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და შემდგომი განვითარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სტატისტიკის როლი აღნიშნული პროცესების  მართვასა და რეგულირებაში. 

სწორედ საერთაშორისო სტანდარტების[1] მიხედვით პუი-ის შესახებ  მოპოვებული   სტატისტიკური ინფორმაცია  ხდება  ეკონომიკური ანალიზის ჩატარების,  მისი ფინანსური ეფექტიანობის შეფასებისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების   მნიშვნელოვანი წინაპირობა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ  2013 - 2018 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები   ცვალებადი დინამიკით ხასიათდებოდა, მაგრამ  ტენდენცია ძირითადად  მაინც მზარდი იყო  (იხ. ცხრილი 1).  2019 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო  მისი   თანდათანობით კლება  და 2020 წელში   2013 წელთან შედარებით  იგი 1, 7-ჯერ, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელთან   შედარებით   2,1-ჯერ შემცირდა (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 2

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა

2013-2020 წლები (მლნ. აშშ დოლარი) 

წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020[2]

სულ

1 039.2

1 837.0

1 728.8

1652.6

1 978.3

1 306.3

1 310.8

616.9

I კვ

291.8

331.9

343.4

392.6

413.2

328.6

313.7

175.0

II კვ

224.1

217.6

493.2

452.4

395.7

406.1

236.6

241.3

III კვ

271.6

749.5

531.1

507.4

634.8

365.4

396.0

303.3

IV კვ

251.6

538.0

361.0

300.2

534.6

203.5

364.5

-102.8

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi 

რაც შეეხება 2020 წელში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ინვესტორი ქვეყნების ჭრილში, დივერსიფიკაციის დონე საკმაოდ დაბალია. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი მთლიან  მოცულობაში შეადგენს   95.3%-ს,  საიდანაც  გაერთიანებულ სამეფოზე მოდის   განხორციელებული ინვესტიციების - 49.9% (307.8 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდებზე - 27,9%  (172.1 მლნ. აშშ დოლარი)  და თურქეთზე - 17.5%  (108.1 მლნ.აშშ დოლარი) (იხ. ცხრილი 2). 

                                                                                                                                       ცხრილი 3  

საქართველოს   ინვესტორი ქვეყნები   

2020 წლის  მიხედვით ( მლნ. აშშ დოლარი) 

ქვეყანა

ინვესტიცია

მლნ. აშშ.დოლარი

ხვედრითი წილი

%

გაერთიანებული სამეფო

307.8

49.9

ნიდერლანდი

172,1

27,9

თურქეთი

108.1

17.5

აშშ

93,3

15.1

მალტა

27.6

4.5

ლუქსენბურგი

26.5

4.3

რუსეთი

25.5

4.1

გერმანია

23.7

3.8

დანია

22.0

3.6

ერაყი

17.6

2.8

სლოვაკეთი

16.2

2.6

უკრაინა

11.8

1.9

სულ

616.8

100.0

წყარო :https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi  

მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა ეკონომიკის სექტორებისა და რეგიონების მიხედვით:   საფინანსო სექტორზე მოდის - 64,9 %, სამთომოპოვებით  მრეწველობაზე -16.5 %, უძრავ  ქონებაზე -11.6%, დანარჩენ სექტორებზე - 7.0%.   პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების  78,6% მოდის მხოლოდ  სამ რეგიონზე, აქედან:    ქ. თბილისზე  - 44,2%, აჭარის რეგიონზე - 21%, ქვემო ქართლზე -13,4%,  დანარჩენ რეგიონებზე - 21.4%.

პირდაპირ უცხოური  ინვესტიციების  მოცულობის,  სტრუქტურისა და დინამიკის მაჩვენებლების გაანგარიშება  ეფუძვნება  სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ პირველად ინფორმაციას.   ამ მიზნით სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს  გამოკვლევებს ,,საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ’’ (ყველა რეგიონის მიხედვით შერჩეულ 2000-მდე სამეწარმეო სუბიექტში, შერჩეულ საწარმოთა განახლება ხდება ყოველკვარტალურად), ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის ნაწილში:      კომერციული ბანკებიდან, სადაზღვევო კონპანიებიდან  და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აგროვებს საჭირო იფორმაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო პრივატიზაციასთან დაკავშირებულ  ინფორმაციას მოიპოვებს. მაკოორდინებელ როლს ამ საქმიანობაში ასრულებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში, თსუ,  2017, 154].    რაც შეეხება  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას  შემადგენელი კომპონენტების მიხედვით, ასეთია:  

დიაგრამა 1

წყარო:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi 

                                                                                                                                  ცხრილი 4   

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა 

კომპონენტების მიხედვით 2017-2020 წლებში 

 

2017

2018

2019

2021

 

მლნ. აშშ დოლარი

%

მლნ.აშშ. დოლარი

%

მლნ აშშ დოლარი

%

მლნ აშშ დოლარი

%

სულ

მ.შ

1978,3

 

100.0

 

1306.0

 

100.0

 

1310.7

 

100.0

 

616.8

 

100.0

 

სააქციო კაპიტალი

1107,6

 

55.9

 

840.2

 

64,3

 

691.4

 

52.7

 

9.03

 

1.5

რეინვესტიცია

 

615.5

 

31.2

 

434.0

 

33.2

 

634.5

 

48.4

 

560.7

 

90.9

 

სავალო ვალდ-ბი

254.2

 

12.8

32.1

2.5 

-15.1

-1.15

47.1

7.6

  წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-u 

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელში რეინვესტიციის აბსოლუტური მაჩვენებელი, ანუ პირველადი ინვესტიციებიდან მიღებული  შემოსავლის ხელმეორედ დაბანდების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 691.4 მლნ აშშ დოლარიდან 560.7 აშშ დოლარამდე შემცირდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მზარდი დინამიკით ხასიათდება მისი ხვედრითი წილი. ერთი წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 48.4%-დან  90,9%-მდე  გაიზარდა,  რაც უთუოდ საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც ითვალისწინებს რეინვესტიციის შემთხვევაში კომპანიის დაბეგვრას არა მოგების მიღებისთანავე, არამედ გულისხმობს რეინვესტიციის შემთხვევაში კომპანიის    გათავისუფლებას მოგების გადასახადისაგან,  რაც ასევე მნიშვნელოვანია (იხ. ცხრილი 4)   საზოგადოების ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩნდება ახალ-ახალი გამოწვევები, რომლებიც მოითხოვენ სათანადო შესწავლას და ანალიზს.  ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა უკავშირდება კოვიდ-19-ს, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო, მიუხედავად მისი არაეკონომიკური წარმომავლობისა, გამოიწვია  ფინანსური, საბანკო და სავალუტო კრიზისები და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური რყევები,  რომლის მსგავსი არ ახსოვს მსოფლიოს. პანდემიის მასშტაბმა და ინფექციის გავრცელების სწრაფმა ტემპმა განაპირობა ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის შეცვლა და არნახული ზიანის მიყენება მსოფლიო ეკონომიკისთვის ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირებით. ეს პროცესი გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები უკვე სახეზეა. ვირუსის შემცირების მიზნით დაწესებულმა სახელმწიფო რეგულაციებმა ერთის მხრივ დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ მეორე მხრივ გამოიწვია მსხვილი ქალაქების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სრული იზოლაცია, მოსახლეობის სოცალური დისტანცირება, მთელი რიგი საქმიანობების და წარმოებების შეჩერება, რასაც თან მოჰყვა  ეკონომიკის მასშტაბური შემცირება. კრიზისით გამოწვეული ნეგატიური ტენდენციები  ადეკვატურად აისახა  ეკონომიკური ურთიერთობების ყველა ასპექტში. შესაბამისად გაიზარდა  საგადამხდელო ბალანსის  დეფიციტი, მკვეთრად შემცირდა  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გაიზარდა ფასები და გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. საქართველოსათვის, როგორც  განვითარებადი ეკონომიკის სტატუსის მქონე ქვეყნისათვის, განსაკუთრებით  მნიშვნელოვნია სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნა, რაც უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან ერთად  ხელს შეუწყობს მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, რეალური ეკონომიკური  სექტორის  გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ევროპულ სივრცეში ინტეგრირების წინაპირობას. სტატისტიკის როლი კი აღნიშნული პროცესების მართვაში სრულყოფილი, დროული, ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  ინფორმაციის  წარმოება და გავრცელებაა. სრულფასოვანი და მრავლისმომცველი ინფორმაცია რეალური, ღრმა და შინაარსიანი ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა. არსებული პრობლემებისა და გამოწვევების საფუძლიანი შესწავლა თავის მხრივ ცალსახად განაპირობებს  კონკრეტული წინადადებების შემუშავების საფუძველზე ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რაც სამწუხაროდ, რეალურად იშვიათად ხდება ჩვენი ქვეყნის როგორც აღრიცხვის და რეგისტრაციის, ისე ინფორმაციის დამუშავების დროს. პროცესი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და პასუხობდეს არსებული პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1.  ასლამაზიშვილი ნ., საერთაშორისო ბიზნეს სტატისტიკა,  ლექციების კურსი,  თბ. 2020.
  2. ასლამაზიშვილი ნ.,  საგადასახდელო ბალანსის არსებითი ანალიზის აუცილებლობის საკითხისათვის, ჟურნალი ,,გლობალიზაცია და ბიზნესი’’, #6, 2018, გვ. 136. ((https://www.eugb.ge/uploads/journal/gb-N6.pdf).
  3. ასლამაზიშვილი ნ., გელაშვილი ს., საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკა, დამხმარე სახელმძღვანელო, თბ.,  2018.
  4. სტატისტიკის ეროვნული სამსახური, https://www.geostat.ge/media/31095/angarishi-2019.pdf
  5. (საქართველოს ეროვნული ბანკი, კვლევები და გამოცემები,  https://www.nbg.gov.ge/index.php?m=353
  6. სტატისტიკა ეკონომიკისა  და ბიზნესისათვის-2, ლექციების მოკლე კურსი, თსუ, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა, 2017.

 [2] წინასწარი მონაცემები